logo
ENG



"პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს კობახიძემ" - ბოკუჩავა ეძგვერაძის დაკავებაზე

04 სექ 202421:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/4l487j4fg9i97tp.jpg

"ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ", - ასე ეხმაურება ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას. 

მისი თქმით, რეალურ პრობლემების ნაცვლად, ივანიშვილის გუნდი ოპონენტებს ებრძვის. 

"ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ. მან დააანონსა სწორედ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა, ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი, ქართული ოცნება ებრძოდეს უმუშევრობას, ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

***

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გლდანში, ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირება იყო. 

ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

მანამდე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ "გლდანში, ივანიშვილის მილიციამ ირაკლი ეძგვერაძე მძევლად აიყვანა".

როგორც ცნობილია, ასევე დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე. 

 

close დახურვა